უკვე ბევრისათვის ცნობილია, რომ 2025 წლის ივლისში ცვლილებები შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ცვლილებები საკმაოდ მოცულობითია და გარდა იმისა, რომ დაზუსტდა ცალკეული საკითხები და პროცედურები, შეიცვალა გარკვეული პირობები, ინერგება სრულიად ახალი ნებართვის სახეები, მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურები და მონიტორინგის სისტემები, გამკაცრდა პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის და გაფართოვდა პასუხისმგებელ პირთა წრე.
ცვლილებები ეტაპობრივად შედის ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში. დროის აღნიშნული მონაკვეთი მიიჩნევა გარდამავალ პერიოდად, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც უკვე იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლით, ვალდებულნი იქნებიან თავიანთი სტატუსი შესაბამისობაში მოიყვანონ ახალ კანონმდებლობასთან.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, D5 კატეგორიის ვიზა, ასევე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), აგრეთვე მის მეუღლესა და შვილებზე, 2026 წლის 1 მარტიდან გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარს, ნაცვლად, ამჟამად მოქმედი 100 000 აშშ დოლარისა.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია სამუშაო, D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის საკითხებში, კერძოდ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:
შრომითი საქმიანობის უფლებაზე თანხმობის შემთხვევაში, დასაქმებული / თვითდასაქმებული (თუ ის არ იმყოფება საქართველოში) ვალდებულია მიმართოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას D1 კატეგორიის ვიზის მისაღებად, ხოლო თუ ის იმყოფება საქართველოში _ სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
აღნიშნული ცვლილებებიც ძალაში შევა 2026 წლის პირველი მარტიდან და მოკლედ რომ ვთქვათ, გულისხმობს შემდეგს: საქართველოში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, მიუხედავად იმისა, კანონიერად იმყოფებით თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე, საჭიროა ერთდროულად შემდეგი ორი პირობა:
გარდამავალ პერიოდში, იმ უცხოელ დასაქმებულებსა და მეწარმეებს, რომლებსაც მიგრაციის ელექტრონულ პორტალზე უკვე გავლილი აქვთ რეგისტრაცია და 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ექნებათ სტატუსი „აქტიური“, ბინადრობის ნებართვის ახალი წესით მიღების ვადა გაუგრძელდებათ 2027 წლის 1 იანვრამდე.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევით საქმიანობისათვის გამკაცრებულია ჯარიმა, კერძოდ: შრომითი იმიგრანტის, შრომითი იმიგრანტის დამსაქმებლის, მეწარმე უცხოელის საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე, აგრეთვე შრომითი საქმიანობის უფლების არმქონე პირისაგან მომსახურების მიღება ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც უცხოელის, ასევე დამსაქმებლისა და მომსახურების მიმღებისათვის ინდივიდუალურად, თითოეულზე, პირველ ჯერზე 2000, შემდგომ 4000 ხოლო ყოველ შემდგომ შემთხვევაზე 12000 ლარის ოდენობით.
ასევე, შრომითი საქმიანობის უფლება მიბმულია იმ საქმიანობასთან, რომლითაც დარეგისტრირდა უცხოელი. საქმიანობის შეცვლა კი მოითხოვს ახალი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას. ამ მოთხოვნის დარღვევისათვის ასევე, გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დარგის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი სიახლეა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა - 2025 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნულ სფეროში დასაქმებული უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ამოქმედდება ახალი, გრძელვადიანი შრომითი ბინადრობის ნებართვის (სამუშაო ვიზის) მიღების შესაძლებლობა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით (ნაცვლად სტანდარტული შრომითი ბინადრობის ნებართვისა, რომელიც 6 თვიდან 1 წლამდე ვადით გაიცემა). იგი წარმოადგენს ე.წ. Digital Nomad Visa-ს ნაირსახეობას და ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ სამჯერ, 3-3 წლის ვადით, ჯამში არაუმეტეს 12 წლისა. გარდა ამისა, აღნიშნული ნებართვა გაიცემა, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირზე, ასევე მისი ოჯახის წევრებზეც.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც დასაქმებულ, ასევე თვითდასაქმებულ (მეწარმე) უცხოელზე, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან. ნებართვის მისაღებად 2026 წლის 1 სექტემბრამდე წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან 90 დღეს.
აღსანიშნავია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საერთო საფუძვლების გარდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში (გარდა სამკურნალო მიზნებით ქვეყნის დატოვების შემთხვევებისა, რომელი პერიოდიც ჩაითვლება საქართველოში ყოფნის დროდ).
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე, ცვლილებით უცხოელი ვალდებულია ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომლებთან, მიაწოდოს ახსნა-განმარტებები, საკონტაქტო და სხვა პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემები - გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები _ ბაზასთან და ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში შედის 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
ამას გარდა, გაფართოვდა მონიტორინგის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის უმნიშვნელოვანესი სიახლეა ასევე ის, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ან უცხოელთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების (მათ შორის, გაძევების შესახებ გადაწყვეტილების) გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას. - ეს პირობაც ძალაში შედის 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
მარეგულირებელი კანონები შეიცავენ საკმაოდ ბევრ ახალ დანაწესებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის ცვლილებების რეალურ აღსრულებას. დამატებით, პროცედურული ნორმების შესავსებად და კანონის ეფექტურად აღსრულებისათვის, ცალკეულ უწყებებს განესაზღვრა ვადა შემდეგი კანონქვემდებარე აქტების მისაღებად:
2025 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:
2025 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე:
2026 წლის 1 მარტამდე უნდა უზრუნველყოს:
როგორც ხედავთ, საქართველოს მიგრაციის კანონმდებლობაში მიმდინარეობს მასშტაბური და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც საყურადღებოა ყველა იმ უცხოელისთვის, ვინც უკვე იმყოფება საქართველოში ან აპირებს ქვეყანაში ჩამოსვლას, მუშაობას ან ცხოვრებას. ცალკეული ცვლილებები არა მხოლოდ აყალიბებს ახალ წესებს და მოთხოვნებს, არამედ აფუძნებს სახელმწიფო კონტროლის ახალ სისტემებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ დაინტერესებულმა პირებმა დროულად მოახდინონ საკუთარი სტატუსის შესაბამისობაში მოყვანა ახალ მოთხოვნებთან.
MK Partners უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების სრულ სპექტრს ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესში, იქნება ეს დოკუმენტაციის მომზადება, ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან კომუნიკაცია, თუ სხვა სამართლებრივ პროცესში ჩართვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დარგის კანონმდებლობაში გათვალისწინებული რიგი რეგულაციები აღსრულდება ეტაპობრივად და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღების პროცესიც მიმდინარეობს. ჩვენ, MK Partners, აქტიურად მივადევნებთ თვალყურს მიმდინარე სიახლეებს და კონკრეტული წესებისა ან მექანიზმების გამოქვეყნებისთანავე, დამატებით შევატობინებთ ჩვენს გამომწერებს.
კომენტარებში ან პირად შეტყობინებებში, მესენჯერით ან ჩვენი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
Whatsapp/Telegram: 595 044 802
MK Partners LLC
თბილისი
2025 წლის 31 ივლისი
დატოვე კომენტარი